ევროპის ჩემპიონატი იმართება 1898 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცებში – 1904-იდან, ქალებში – 1989-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1896-იდან.
ჭიდაობის ხელოვნებას ჯერ კიდევ შუმერთა ეპოქაში იცნობდნენ (ძვ. წ. IV ათასწლეული). იქიდან გავრცელდა ბაბილონში და მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში. დაახლოებით 3500 წლის წინათ ჭიდაობას მისდევდნენ შიდა აზიის სტეპების მომთაბარე ხალხები, ჩინეთში კი იმართებოდა ე.წ. ჭიდაობის დღე. მესოპოტამიაში ნაპოვნია ძვ. წ. III ათასწლეულის მოჭიდავეთა ქანდაკებები, აქადეაში – მოჭიდავეთა ბრინჯაოს ფიგურები, ეგვიპტეში (ძვ. წ. II ათასწლეული) – 400-ზე მეტი ჭიდაობის ამსახველი სცენა. ძველი საბერძნეთის სახვითი ხელოვნების მრავალ ნიმუშზე აღბეჭდილია მოჭიდავეთა შერკინების ეპიზოდები, მათ შორის – ჰერაკლეს და ანთეოსის ორთაბრძოლა. ძვ. წ. 510 წლის მარმარილოს ბარელიეფზე ნათლად ჩანს მოჭიდავეთა და მსაჯთა ფიგურები.
ფიზიკური აღზრდის ძველბერძნულ სისტემაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვარჯიშების სპეციალურ კომპლექსს, ამ კომპლექსში კი – ტანვარჯიშსა და ჭიდაობას. კარგი ფიზიკური მომზადება და ორთაბრძოლის ილეთების ცოდნა საზოგადოებაში ავტორიტეტის მოპოვების აუცილებელი პირობა იყო. ათლეტთა გამოსაცდელად მრავალი ასპარეზობა იმართებოდა. ჰომეროსმა “ილიადაში” (ქება ოცდამესამე) დაწვრილებით აღწერა ოდისევსისა და აიასის შერკინება, რომელიც აქილევსმა მოაწყო. პიროვნული კეთილშობილება ფიზიკურ სილამაზესა და სრულყოფილებასთან ერთად – ასეთი იყო იმდროინდელი ათლეტის იდეალი. ჭიდაობა სწორედ ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას ემსახურებოდა და ამიტომ ფართოდ გავრცელდა ოლიმპიურ საბერძნეთში, მოგვიანებით კი – რომის იმპერიაში. როგორც ცალკე სახეობა, ანტიკური ოლიმპიადების პროგრამაში ჭიდაობა პირველად ძვ. წ. 704 წელს შეიტანეს. იმდროინდელმა ცნობილმა ათლეტმა თეზეუსმა შეიმუშავა ჭიდაობის პირველი წესები: გამარჯვებულად ის ითვლებოდა, ვინც მეტოქეს მიწაზე სამჯერ დასცემდა.
შუა საუკუნეების ევროპაში აღმოცენდა ჭიდაობის ეროვნული სახეობები. მათ შორის აღსანიშნავია ისლანდიური გლიმა, ინგლისური “კორნუელის ჭიდაობა” – ჭიდაობისა და კრივის სიმბიოზი, რომელიც საბოლოოდ სპორტულ ჭიდაობად ჩამოყალიბდა. 1539 წელს ფაბიან ფონ აუერსვალდმა შეადგინა პირველი სასწავლო სახელმძღვანელო “ჭიდაობის ხელოვნება”. XVIII და XIX საუკუნეთა მიჯნაზე დაიწყო თანამედროვე ჭიდაობის ფორმირება, რაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ერთიანი სისტემის შექმნით დასრულდა. ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საფრანგეთმა. XIX საუკუნის 40-იან წლებში პარიზის ცნობილ ბაზრობებზე გამართულმა მოჭიდავეთა სახელდახელო ტურნირებმა მაყურებლებისა და პრესის დიდი ინტერესი გამოიწვია. 1848 წელს პარიზში, მონტესკიეს ქუჩაზე, მოეწყო პროფესიონალ ათლეტთა დიდი არენა. აქ გაიმართა ე.წ. გასტროლიორ მოჭიდავეთა პირველი ჩემპიონატი. იმავე წელს აშენდა ეროვნული არენა და ათამდე შედარებით მცირე სარბიელი, სადაც მოჭიდავეებთან ერთად გამოდიოდნენ მოკრივეები და ძალოსნები. განსაკუთრებით ხალხმრავალი ტურნირები იმართებოდა ეჟენ პაცის არენაზე – სწორედ აქ გამოჩნდა პირველად “შავი ნიღაბი”. ბევრი ათლეტისთვის ჭიდაობა პროფესიად იქცა, ტურნირების ორგანიზატორებისთვის კი -სარფიან ბიზნესად. საფრანგეთს ხშირად სტუმრობდნენ გერმანიის, იტალიის, თურქეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ფალავნები. 1880 წელს შეიმუშავეს ახალი წესები. შეხვედრის დრო შეზღუდული არ იყო და ბრძოლა ერთ-ერთი მეტოქის გამარჯვებამდე გრძელდებოდა. მოგვიანებით შემოიღეს დროის რეგლამენტი, წონითი კატეგორიები, ილეთების შეფასების სისტემა. მას შემდეგ წესები მრავალგზის შეიცვალა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
ფრანგული ჭიდაობა (შემდგომში – ბერძნულ-რომაული), როგორც სპორტის კლასიკური სახეობა, ფართოდ გავრცელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, იაპონიაში, კორეაში, კუბაში და სხვა ქვეყნებში.
ანტიკური დროიდან მოყოლებული, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ოლიმპიურ სახეობად ითვლება. I თამაშებში (1896, ათენი) სულ 5 მოჭიდავე გამოდიოდა (წონითი კატეგორიები არ იყო). გაიმარჯვა გერმანელმა კარლ შუმანმა, რომელმაც იმავე ოლიმპიადაზე ტანვარჯიშში 3 ოქროს მედალი მოიგო. მომდევნო ორ თამაშებში ამ სახეობის წარმომადგენლებს არ უასპარეზიათ, 1908 წლიდან კი ისინი ყველა ოლიმპიადაში მონაწილეობენ.
XX საუკუნის პირველ ნახევარში მეტწილად ფინელი და შვედი მოჭიდავეები პირველობდნენ. ზოგჯერ იმარჯვებდნენ იტალიელები, გერმანელები, თურქები, უნგრელები. 1952 წლიდან ლიდერობდა სსრ კავშირის ნაკრები, რომელმაც სადებიუტო თამაშებში 7 მედალი მოიპოვა (მათ შორის 4 ოქროსი) და მომდევნო 4 ათეული წლის განმავლობაშიც უძლიერესთა შორის იყო. საბჭოთა გუნდის წარმატებებში თვალსაჩინო წვლილი მიუძღვით ქართველ ფალავნებს.
1972 წლამდე წონითი კატეგორიების რაოდენობა 4-იდან 8-მდე მერყეობდა. შემდეგ შემოიღეს 10 წონა, სიდნეისა (2000) და ათენში (2004) კი მედლების 7-7 კომპლექტი განაწილდა.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან კარლ ვესტერგრენი (შვედეთი – 1920, 24, 32) და ალექსანდრ კარელინი (სსრკ, რუსეთი – 1988, 92, 96).
XIX-XX საუკენეების მიჯნაზე ჯერ თბილისში, მერე კი ქუთაისში, სოხუმსა და ბათუმში ე.წ. დროებითი ცირკები გაიხსნა. აქ, გარდა ქართული ჭიდაობისა, რეგულარულად იმართებოდა შეჯიბრებები ფრანგულ ჭიდაობაში, რომელსაც შემდეგ კლასიკურ (ბერძნულ-რომაულ) ჭიდაობად მოიხსენიებდნენ. ფრანგულს წარმატებით ჭიდაობდნენ სახელოვანი ქართველი ფალავნები: კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, თედო ლილოელი, კოსტა მაისურაძე, მიხეილ ციმაკურიძე (მიშიკო მაჩაბელი), კოლია ქვარიანი, ვანო აბულაძე და სხვები. განსაკუთრებით პოპულარული იყო ნიკიტინის ცირკში პროფესიონალ ათლეტთა მონაწილეობით გამართული ტურნირები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ უკრაინელი ივან პოდდუბნი, რუსი ივან ზაიკინი, გეორგ ლურიხი, მსოფლიოს ჩემპიონად აღიარებული გერმანელი კლემენს ბული, თურქი სარი სულეიმანი, პოლონელი კარლ პოსპეშილი, ინდოელი გამა ინდოსტანი და სხვები (კაცების მხარდამხარ ძალას ქალებიც ცდიდნენ. 1911 წელს თბილისში გამართული ქალთა ტურნირი მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად აღიარეს. მონაწილეობდნენ გერმანიის, რუსეთის, ინგლისის, შოტლანდიის, პოლონეთის, ავსტრიის, ნორვეგიის, ესპანეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ჩემპიონები. მათ შორის, მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავე, გერმანელი ფრიდა დამბერგი). პროფესიონალთა გამოსვლებმა განაპირობა ჭიდაობის ახალი სახეობით ქართველი ახალგაზრდების დაინტერესება. 1912 წელს თბილისში ჩამოყალიბდა ძალოსნური სექცია, რომელშიც, გარდა ძალოსნებისა და მოკრივეებისა, გაერთიანდნენ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მოყვარულები. ამ საქმეს უძღვებოდა სპორტის ენთუზიასტი პეტრე მარღანიძე. მისი თაოსნობით 1914 წელს გაიმართა პირველი შჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მოგვიანებით (1923) თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მუშათა ფაკულტეტთან შეიკრიბა კლასიკური ჭიდაობის მოყვარულთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც გიორგი ჩიკვაიძე ხელმძღვანელობდა. 1925 წელს ასეთივე ჯგუფები ჩამოყალიბდა ბათუმსა და ქუთაისში. ცნობილმა ფალავანმა ვანო აბულაშვილმა თბილისში დააარსა ათლეტიკის სკოლა, სადაც ფრანგულ ჭიდაობასაც ასწავლიდნენ. 1926 წელს გაიმართა თბილისისა და ამიერკავკასიის პირველი ჩემპიონატები. იმ პერიოდის მოჭიდავეებმა, შემდგომში მწვრთნელებმა, ჩამოაყალიბეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ქართული სკოლა, რომელმაც მალე მოიპოვა აღიარება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ვახტანგ კუხიანიძეს, პეტრე იორდანაშვილს, ლევ კაპიტონოვს, გიორგი ვარძელაშვილს, ნერსეს აკოფოვს.
1928 წელს გამართული საქართველოს I სპარტაკიადის პროგრამაში კლასიკური ჭიდაობაც შეიტანეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში მოეწყო საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა და ოზურგეთის 34 მოჭიდავე. საქართველოდან სსრ კავშირის პირველი ჩემპიონი იყო ლეონიდ ძეკონსკი. მან ეს ტიტული 1935 წელს მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი შალვა ჩიხლაძესთან ერთად კვლავ ჩემპიონი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს მოჭიდავეები ხშირად იმარჯვებდნენ საკავშირო შეჯიბრებებში და, როცა საერთაშორისო სარბიელისკენ გზა გაეხსნათ, იქაც ტოლს არავის უდებდნენ. სსრ კავშირიდან ევროპის პირველი ჩემპიონი იყო კონსტანტინე კობერიძე (1947), მსოფლიოს პირველი ჩემპიონი – გივი კარტოზია (1953). ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც კარტოზია იყო (1956). მისი სპორტული მიღწევები სამაგალითო გამოდგა მომდევნო თაობის მოჭიდავეებისთვის. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ ქორიძე, რომან რურუა, ვახტანგ ბლაგიძე; მსოფლიოს ჩემპიონები – როსტომ აბაშიძე, მიხეილ სალაძე, თეიმურაზ აფხაზავა, თემო ყაზარაშვილი, გურამ გედეხაური, მუხრან ვახტანგაძე, მანუჩარ კვირკველია. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის განვითარებაში, გარდა ზემოთ დასახელებული მწვრთნელებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ილია ჩხარტიშვილმა, ვლადიმერ მაისურაძემ, ილია ბობოხიძემ, დამერლანდ დავითაიამ, ჯემალ კოსტავამ, ჯონი რეხვიაშვილმა, ოთარ ტატიშვილმა, ბეგი დარჩიამ და სხვებმა. ბეგი დარჩიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2004 წელს მსოფლიოს თასი მოიპოვა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.1991 წლის 22 მაისს დაფუძნდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაცია, იმავე წლის 28 მაისს – თავისუფალი ჭიდაობის ფედერაცია. ეს ფედერაციები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) აღიარა 1992 წლის 2 აგვისტოს და ურჩია ერთ ორგანიზაციად გაერთიანება. 1993 წლის 14 იანვარს შეიქმნა ჭიდაობის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია.
პრეზიდენტები: ბერძნულ-რომაულის – რომან რურუა (1991-93), თავისუფალი ჭიდაობის – მურმან ომანიძე (1991-93), გაერთიანებული ფედერაციის – გურამ გედეხაური (1993-94), დავით გობეჯიშვილი (1994-2000), გოჩა ძასოხოვი (2000-04), ბაკურ გოგიტიძე (2004 ), კახა გეწაძე (2005 წლიდან).